ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში 2017

14 ივნისს საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართა ტურიზმისა და მასპინძლობის მეორე კონფერენცია Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ფარგლებში. კონფერენცია ჩატარდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.

კონფერენცია გაიხსნა პრესკონფერენციით რომელსაც ესწრებოდა Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდეობის თანადამფუძნებელი – მარინა ჩაიკა; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – გიორგი ჩოგოვაძე; თბილისის მერის მოადგილე – ირაკლი ლექვინაძე; პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი, ბიდიო საქართველოს პარტნიორი – ივანე ჟუჟუნაშვილი და საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – გიორგი არველაძე, მათ ისაუბრეს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარების შესახებ საქართველოში და პროექტის მნიშვნელობაზე.

განახლებული ინფორმაციით, კერძოდ, 2017 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, საქართველოს 2 329 677 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.7%-ია.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად საქართველოში  შესაბამისი სფეროებიც იზრდება. კერძოდ, გასული ორი  წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 170-ზე მეტი ახალი სასტუმრო (3 223-ით მეტი საწოლი ადგილით).  აღსანიშნავია, რომ 2017-2019 წლებში გაიხსნება 160-ზე მეტი ობიექტი, 18 000-ზე მეტი საწოლი ადგილით.

პრესკონფერენციის შემდეგ მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების პრეზენტაციები, გაცნობოდნენ ამ სფეროში მიმდინარე სიახლეებს.

პროექტის ორგანიზატორებმა კი დამსწრე საზოგადოებას გააცნეს პროექტის მიმდინარე სიახლეები, წარუდგინეს განახლებული ჟიურის საბჭო, განახლებული ნომინაციები და ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადეს რეგისტრაცია 2017 წლის ნომინანტებისთვის.

14 ივნისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლია დარეგისტრირდეს დაჯილდოების ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.awards-tourism.com), აირჩიოს მაქსიმუმ 2 ნომინაცია რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის ბიზნესს და მიიღოს მონაწილეობა Welcome to Georgia!  ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2017.

IMG_5970_300x200 IMG_5947 IMG_5723 IMG_5443_300x200

ფოტო და ვიდეო გალერეა